თბილისში, კოტე აფხაზის 15 ნომერში მდებარე სასტუმრო Glarros OldTown-ი პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდოს, Archello Awards-ის 2023 წლის “სასტუმროს ტიპის საუკეთესო შენობის” კონკურსის გრძელ სიაში მოხვდა. როგორც Archello Awards-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კონკურსში ათასზე მეტი განაცხადი შევიდა, რომლიდანაც თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენელი თხუთმეტი ფინალისტი შეირჩა და ერთ-ერთი მათგანი - თბილისური სასტუმრო აღმოჩნდა. Glarros OldTown-ი ერთადერთი ქართული სასტუმროა, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობს.
Archello Awards-ის ოფიციალურ ვებგვერდზე Glarros OldTown-ის აღწერასაც ვკითხულობთ, რომლის თქმით, სასტუმრო ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, სადაც, ისტორიულად, მნიშვნელოვანი სავაჭრო ქარავნები მოძრაობდნენ. ამავდროულად, ექსპერტების შეფასებით, ეს სასტუმრო, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ სატრანსპორტო არტერიაზე ძევს, მნიშვნელოვანია მისი სოციალური მნიშვნელობითაც, რადგან ადრე, აქ ეთნიკურად, რელიგიურად და კულტურულად მრავალფეროვანი სოციალური შეკრებები იმართებოდა. Archello Awards-ის გუნდის შეფასებით, Glarros OldTown-ის თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი ქალაქის სიძველის შეგრძნებას ინარჩუნებს.
Glarros OldTown-ის პროექტზე არქიტექტურულმა კომპანია Laboratory of Architecture #3-მა იმუშავა.
*გამოყენებული სურათის ავტორია გიორგი მამასახლისი.
წყარო: https://archello.com/news/archello-awards-2023-longlist-hotel-building-of-the-year
https://archello.com/project/glarros-oldtown