სიახლეები
მთავარი სიახლეები
„ახალი აეროპორტის მშენებლობა მისასალმებელია“- გიორგი დოლიძე
 10.04.2024

სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტის გიორგი დოლიძის თქმით, თბილისში ახალი აეროპორტის აშენება ტურისტების შემოდინებაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. როგორც დოლიძემ „საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, თუ ქვეყანა აქცენტს ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე აკეთებს, მნიშვნელოვანია, გაზრდილ ვიზიტებს მომზადებული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.

„ნებისმიერი ახალი მიზანი ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად, მისასალმებელია. ჩვენ ვიცით, რომ ტურისტს პირველი შთაბეჭდილება ექმნება აეროპორტიდან. ჩვენთან ჩამოსული ტურისტი პირველ რიგში ხედავს არც თუ ისე თანამედროვე, პირიქით, მოკრძალებულ აეროპორტს რაც გვაქვს, ანუ აქედან იწყება შთაბეჭდილება საქართველოს მომსახურებაზე.

ჩვენ ვნახეთ, რომ იყო აეროპორტის გაყოფის საჭიროება და გაიმიჯნა ჩამოფრენა და გაფრენა. ეს იყო გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დღეს უკვე დადგა პერიოდი, როცა გვჭირდება მეტი ფართობი, რომ შევამციროთ რიგები და დავამატოთ მეტი ფრენები, რაც გაზრდის ტურისტების შემოდინებას.

სტატისტიკის მიხედვით წლიურად (გარდა პანდემიის), საშუალო მატება არის 500-დან 800 ათასამდე. ახალი აეროპორტი თუ მოგვცემს იმის სტიმულს, რომ მეტი ფრენა და ტურისტი დავამატოთ, შესაძლებელია 2028 წლამდე გაიზარდოს მაქსიმუმ 12-13 მლნ ტურისტამდე, თუმცა ეს არ არის გათვლილი ათეულ წლებზე", - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

მისივე თქმით, ტურისტების რაოდენობის გაზრდას ხელს უწყობს ფრენების სიმარტივე, როგორც ჩარტერული რეისები, ის ფრენები, რომელსაც გადაჯდომებით ნაკლები დრო სჭირდება, ამისთვის კი აუცილებელია მთავრობამ შეკრას საინიციატივო ჯგუფი იმ ლიდერი ტურისტული კომპანიებისგან, რომლებიც დღეს ბაზარზეა და ასეთია სულ 8-10-ია.

"მათთან ერთად უნდა ვიფიქროთ სამომავლოდ რომელი ქვეყნებიდან უნდა დავამატოთ ფრენები.

პრაქტიკის გათვალისწინებით გასამარტივებელია ინდოეთიდან და ჩინეთიდან მიღებული ტურისტებისთვის გასაწევი მომსახურება. თუ სწორებას ვაკეთებთ ჩინეთზე, ჩვენ ამ ბაზრიდან შეგვიძლია აურაცხელი ტურისტების მოზიდვა. როცა კარგად დალაგდება ფრენის და გადაჯდომის დროები, არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეიძლებოდა დიდი რიგები შექმნილიყო. აქედან გამომდინარე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ახალი განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია." - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, აეროპორტთან ერთად რა ტიპის ინფრასტრუქტურა სჭირდება ქვეყანას მეტი ტურისტის მომსახურებისთვის, დოლიძე ამბობს, რომ აუცილებელია მას ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიმართულებით არსებული პრობლემების გადაწყვეტა მოჰყვეს.

„ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი რეზორტული ტიპის ობიექტი საქართველოს სანაპიროებზე, რომლებმაც სამომავლოდ „ოლ ინკლუზივ" სერვისს შესთავაზებენ ამ ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიან ერთ ლოკაციაზე. გაუსვლელად უნდა მიიღონ ის მომსახურება, რასაც ვიღებთ ანტალიასა და სხვა კურორტებზე. იქ გარდა სასტუმროსი და ფრენის სიმარტივისა, არაფერი ქმნის ტურისტების მიზიდულობის ცენტრს. უნდა დავამატოთ ინფრასტრუქტურა. ნებისმიერი გადადებული სატრანსპორტო რეისი ძალიან აღიზიანებს სტუმარს და არ აძლევს საშუალებას გაუწიოს ამა თუ იმ ქვეყანას რეკომენდაცია.

რთული მდოგმარეობაა სვანეთში სადაც ერი დღე წასვლაში უნდა დახარჯო, მეორე დღე წამოსვლაში, იქაც გჭირდება ორი დღე. გუდაური კობის მონაკვეთზე ვხედავთ, რომ გვირაბი კეთდება, რაც გაამარტივებს ყაზბეგში ჩასვლას. ვნახეთ, რომ გაკეთდა რაჭის გზა, თუმცა სასტუმროები არ არის. ამიტომაც გზასთან ერთად უნდა განვითარდეს სასტუმროები, რომ დიდი ნაკადის წამოსვლის შემთხვევაში მოხდეს მათი რეგიონებში გადანაწილება. უნდა მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, რომელიც დაამოკლებს გზას და გახდის კომფორტულს, იმისთვის, რომ ტურისტულმა კომპანიებმა დაგეგმონ გრძელ მანძილზე ტურები." - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

ახალ აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. 1,3 მილიარდ დოლარად თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება. როგორც მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით სანავიგაციო კვლევები უახლოეს პერიოდში დასრულდება, პარალელურად დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი, რომელიც მზად 2025 წლისთვის იქნება. რაც შეეხება თავად მშენებლობის ვადებს, პირველადი გათვლებით, ფრენებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურა მზად 2028 წლის ბოლოს უნდა იყოს.

მთავრობაში ფიქრობენ, რომ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობით რუსთავი უფრო მეტად განვითარება, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ამის რიცხვებში გამოხატული ეფექტი კი ეკონომიკის 0.2პპ ზრდა იქნება. ახალი აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა 19 მლნ-მდე გაიზრდება.

წყარო: BM.GE