სიახლეები
მთავარი სიახლეები
სასტუმროების დატვირთულობა შესაძლოა, 90%-დან 60%-მდე ჩამოვიდეს - გიორგი დოლიძე
 12.05.2024

2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 1 157 347 ვიზიტი შედგა, საიდანაც 938 644 ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 6.4%-ია.

ტურიზმის აღდგენის დადებით დინამიკასა და გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი, გიორგი დოლიძეც ადასტურებს. BMG-სთან საუბრისას ის განმარტავს, რომ აპრილის თვემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

"მაშინ როდესაც პანდემიამდე და მის შემდეგაც თბილისისთვის ეს საშუალო დატვირთულობის სეზონი იყო, წელს კონკრეტულად ჩვენს სასტუმროში მაღალი პიკური დატვირთულობა მივიღეთ - 86%. ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელზე უკეთესი მაჩვენებელია", - ამბობს გიორგი დოლიძე.

დადებითი დინამიკის მიღმა სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი ტურიზმზე მიმდინარე დაძაბული მოვლენების ნეგატიურ ეფექტზეც საუბრობს. მისი თქმით, ჯგუფური მოგზაურების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა და მაისის თვესთან დაკავშირებით მოლოდინი არც თუ ისე სახარბიელოა.

"მაისის თვეში ისევ და ისევ არასტაბილურ მდგომარეობას ვპროგნოზირებთ, რაც ტურიზმის სექტორზე პირდაპირ ეფექტს მოახდენს. თუ მაისში 90-95%-იან დატვირთულობას ველოდით ეს შესაძლოა ყველაზე კარგ შემთხვევაში 70-75%-მდე ჩამოვიდეს, თუმცა ყველაზე ცუდ შემთხვევაში შესაძლოა, 60%-იანი დატვირთულობის მაჩვენებელიც კი მივიღოთ თბილისის სასტუმროებში. მანამდე ვვარაუდობდით, რომ 90%-იანი დატვირთულობა სექტემბრის ბოლომდე სტაბილურად გვექნებოდა.

აქციების კუთხით ძირითადად დისკომფორტი იმ მოგზაურებს ექმნებათ, რომლებიც ქალაქის ქალაქის ცენტრალურ უბნებში ჩერდებიან, სადაც გზები გადაკეტილია. ეს უქმნით პანიკას, შემდეგ ამას ავრცელებენ თავიანთ ახლობლებში, მეგობრებში და ამის გამო უქმდება ჯავშნები", - აღნიშნავს სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი.

ცნობისთვის, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 807.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მცირედით, 1.5%-ით აღემატება. პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი, ზრდა 39.6%-ია.

წყარო: BM.GE