სიახლეები
მთავარი სიახლეები
ევროკავშირის მოთხოვნა იქნება ტურისტულ სექტორში შესაბამისი დონის სერვისი - გიორგი დოლიძე
 29.05.2024

ევროკავშირის მოთხოვნა იქნება ტურისტულ სექტორში შესაბამისი დონის სერვისი და მომსახურება, ამიტომ ჩვენს თავზე უნდა ვიმუშაოთ, - ამის შესახებ HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ევროპელი ვიზიტორების რაოდენობა იზრდება, რომლებიც მაღალ ხარისხს ითხოვენ.

"ყოველ წელს გვსურს, რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი, რაც დამოკიდებულია თანამშრომლების კმაყოფილებაზე. როგორც ჩამოსულ ტურისტს სჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში, ისე სჭირდება ჩვენს თანამშრომლებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ თვის ბოლოს გარანტირებულად მიიღებენ ანაზღაურებას და დამატებით მოტივაციებს. ხარისხი არის ნომერ პირველი განმაპირობებელი, განსაკუთრებით, ევროპელი ტურისტისთვის.

ქვეყანას, ბიზნესს, ტურისტულ სექტორს, ყველა ადამიანს სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ევროპელი ტურისტი ჩამოვიდეს. ფრენებიც ემატება და ჩვენი ობიექტიდან გამომდინარე 5-დან 7%-მდე იზრდება ხოლმე ევროპელი ვიზიტორების რაოდენობა. ზოგადად, რადგან ქვეყანას აქვს ევროპული გეზი აღებული და ხვალ თუ ზეგ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ევროკავშირში და გავხდეთ მათი წევრი ქვეყანა - ზუსტად ამ დიდი ოჯახის მოთხოვნა იქნება შესაბამისი დონის სერვისი და მომსახურება. ამიტომაც, ყოველ წელს უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, რომ პირველ რიგში გავაუმჯობესოთ ჩვენი თავები, რომ კარგად დავხვდეთ და მოვემსახუროთ ტურისტებს", - აცხადებს დოლიძე.

რაც შეეხება მოლოდინებს - გიორგი დოლიძის განცხადებით, თბილისში ზაფხულის სეზონზე 90%-მდე დატვირთულობას ელოდებიან, ხოლო რეგიონებში 80%-მდე.

"როგორც კახეთში, ასევე ბათუმში 80%-მდე დატვირთულობა შეიძლება იყოს. ბათუმში საკმაოდ გაზრდილია ტურისტული შემოდინებები. გარდა ამისა, სვანეთისა და რაჭის მიმართულებითაც შეიძლება იყოს გარკვეული წინსვლები. რაც შეეხება ყაზბეგს - ზაფხულის პერიოდში ყოველთვის ნარჩუნდება ხოლმე მაღალი დატვირთულობა და გზის გახსნის შემდეგ იქნება 4 სეზონის დატვირთულობის კურორტი", - აცხადებს გიორგი დოლიძე.

წყარო: BP.GE