სიახლეები
მთავარი სიახლეები
„გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაზრდილია ჯავშნები და საფასო ინდექსი“ - დოლიძე
 19.07.2024

HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის თქმით, გასულ წელთან შედარებით ჯავშნების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. როგორც დოლიძემ „საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, გასული 2 თვის განმავლობაში სასტუმროს დატვირთულობა 85%-ს აღწევდა, ზრდა კი უმეტესად ჩინელი და მეზობელი ქვეყნების მოგზაურების ხარჯზეა.

„ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტები ნამდვილად გაზრდილია, ეს სავარაუდოდ ხელშესახებია ყველა ტურისტული კომპანიისთვის და განთავსების ობიექტისთვის. ბოლო 2 თვის მიმოხილვა რომ გავაკეთოთ, ეს იყო 85 %-იანი დატვირთულობა თბილისში. მაისი იყო 86% და ივნისი 83%, რაც შეეხება ივლისს, აქ ჩვენ ველოდებით 75-80%-იან ნიშნულს გამომდინარე იქიდან, რომ ივლის-აგვისტო თბილისისთვის არის ხოლმე სატრანზიტო დანიშნულების. ტურისტები როცა ჩამოდიან 2 დღეზე მეტს ნაკლებად ჩერდებიან, უმეტესად გადაადგილდებიან საზღვაო და სამთო მიმართულებებით.

წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ასევე ვნახავთ ოდნავ არის დაკლებული ბუქინგიდან შემომავალი რეზერვაციები და პირდაპირი ჯავშნები, გაზრდილია ტურისტული კომპანიების მხრიდან გაკეთებული ჯავშნები. გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაზრდილია როგორც მთლიანი რეზერვაციები, ისე საფასო ინდექსი. თუ გასულ წელს 115-120$-ით ვოპერირებდით, წელს 130-135$-ია.

წინა პერიოდთან შედარებით 3-5%-მდე მომატებულია ევროპელი ტურისტები, ჩინელები არიან უმეტესად მომატებულები, ჩვენ რასაც ვგრძნობთ უფრო მეტი ჩინელი გვყავს ვიდრე ინდოელი. ნარჩუნდება ტრადიციული ქვეყნები როგორც არის გალფის ქვეყნები, ისრაელი, რუსეთი და სხვა მეზობლები,"- განაცხადა დოლძემ.

წყარო: BM.GE