სიახლეები
მთავარი სიახლეები
ტურიზმი ჩინეთიდან - კომენტარი გიორგი დოლიძე
 11.10.2024

ის, რომ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადები გაზრდილია, ამას მოწმობს ოფიციალური სტატისტიკაც. წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში ჩინეთიდან მოგზაურების რაოდენობა 100%-ზე მეტად არის გაზრდილი. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის I-III კვარტალში ქვეყანაში ჯამში 66 485 ჩინელი მოგზაური ჩამოვიდა, რაც წლიურად 101,4%-იანი ზრდაა. მხოლოდ მესამე კვარტალში საქართველოს 33 632 ჩინელი მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 65,2%-ით აღემატება. აღსანიშნია ისიც, რომ წლის 9 თვის მონაცემი პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელსაც აღემატება, რა დროსაც წლის განმავლობაში საქართველოს ჯამში 48 ათასი ჩინელი მოგზაური სტუმრობდა.

გაზრდილი სტატისტიკა ძირითადად მსხვილი სასტუმროების დატვირთულობაზე აისახა, რადგან როგორც ტურისტული ბიზნესი ამბობს,ჩინელი ტურისტები ძირითადად მაღალი კლასის სასტუმროებით ინტერესდებიან. HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველი გიორგი დოლიძე bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათ შემთხვევაში ჩინელი ტურისტების რიცხვი გაორმაგებულია და ეს მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლასთან და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების გაზრდასთან.

„ჩინელი ტურისტების რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგებულია, რაც სასიხარულოა ჩვენთვის და ტურისტული კომპანიებისთვისაც. ისინი ძირითადად შემოიფარგლებიან ერთკვირიანი და მეტი ხნით ვიზიტებით, ასევე არჩევენ კომბინირებულ ტურებს, რაც შემოიფარგლება საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანით, რადგან ამხელა მანძილზე მიუხედავად პირდაპირი ფრენებისა არ უღირთ ჩამოვიდნენ 2 და 3 ღამით ან იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი ქვეყანა ნახონ. უყვართ ევროპელებივით წინასწარ დაგეგმვა. ტურისტულ კომპანიებსაც სთხოვენ გაუკეთონ მომავალი წლის ჯავშნები, რაც დიდი მოცულობით გვაქვს ჩვენც მიღებული",- აცხადებს გიორგი დოლიძე.

წყარო: BM.GE