ზამთრის სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი) საშუალო დატვირთულობა წელს 80%-ი იქნება, ხოლო საახალწლოდ 100%-ზეც ავა, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა.
როგორც ბიზნესმენი განმარტავს, გუდაურსა და ბაკურიანში წელს თოვლი ადრე მოვიდა და შესაძლოა, ზამთრის ტურისტული სეზონიც ნაადრევად გაიხსნას.
„როგორც ყოველ წელს, წელსაც ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონი დამოკიდებულია დიდწილად ამინდზე, თუ როდის გაიხსნება სათხილამურო ტრასები.
საგულისხმოა, რომ ბაკურიანსა და გუდაურში უკვე დიდი რაოდენობით თოვლია მოსული და შესაძლოა, ამან დაგეგმილზე ადრე გამოიწვიოს სეზონის გახსნა. როგორც წესი ზამთრის სათხილამურო სეზონზე 10-15 დეკემბრიდან მარტამდე დატვირთულობა საშუალოდ 70-80%-ია. ძირითადი დატვირთვა ამ პერიოდში საშუალო კლასის სასტუმროებზე მოდის, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი კლასის ობიექტები ჯერჯერობით ბაკურიანსა და გუდაურში არ გაქვს. წლევანდელი სეზონზე ახალი წელის დღეებში სასტუმროები თავისთავად 100%-ით იქნება დაკავებული, როგორც უცხოელი ისე ქართველი დამსვენებლებით. თუ რამე შემაფერხებელი გარემოებები არ იქნება, როგორიცაა გზების ჩაკეტვა, ან სხვა რაიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები მგონია, რომ დეკემბერი-თებერვლის ბოლომდე დატვირთულობა გუდაურსა და ბაკურიანში იქნება 80%-ზე", - განმარტავს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლის აზრით, სეზონს წარმატებით ჩატარებაში ხელოვნური გათოვლიანების სისტემებიც ეხმარება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში როგორც გუდაურში ისე ბაკურიანში დამონტაჟდა.
„ხელოვნური გათოვლიანების სისტემებმა უფრო მეტი დამაჯერებლობა შესძინა ამ კურორტებს და გაყიდვების მეტი გარანტიის საშუალება მისცა, როგორც სასტუმროებს ისე ტურისტულ კომპანიებს, რათა ისინი უცხოელი პარტნიორების წინაშე უფრო საიმედოდ წარდგნენ და აუხსნან, რომ თუ მაინცადამაინც ბუნებრივ თოვლზე არ იქნება ყველაფერი დამოკიდებული, არსებობს ალტერნატივა ხელოვნური გათოვლიანების სახით.
მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემებზე ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, რათა მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ გადახდილი ფული ფუჭად გადაყრილი არ იქნება", - აცხადებს HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი.
გასულ წლებში ბაკურიანსა და გუდაურში ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდა და საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარი აქტიურია მიმდინარე წელსაც.
ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანიის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო ზრდის და ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებების მასპინძლის სტატუსი მომავალ წლებშიც შეინარჩუნოს.
„ნებისმიერი სახის აქტივობის და მათ შორის ასეთი დონის ღონისძიებების ჩატარება ქვეყანაში, რომელიც არის ტურიზმის განვითარების გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯი, რათა ქვეყანა საზღვარგარეთის ბაზრებზე უფრო ცნობადი გახდეს და უფრო მეტი ქვეყანა დაინტერესდეს საქართველოთი.
რაც უფრო მეტი ჟურნალისტი ჩამოვა და უფრო მეტი გამოცემა დაინტერესდება საქართველოთი და მეტი დაწერს ამით უფრო დიდი აუდიტორიაზე შეგვიძლია გასვლა. და ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა, რომელიც საერთაშორისო ინტერესის სფეროა და მნიშვნელოვანია.
უნდა შევქმნათ ისეთი პრეცედენტები, რომ ჩვენზე ისაუბროს საერთაშორისო მედიებმა და რომ საქართველო არის ისეთი ტურისტული მიმზიდველობის ქვეყანა, სადაც არამხოლოდ ზამთარში ან ზაფხულში იმოგზაურო, არამედ 4 სეზონის განმავლობაში, ნებისმიერ დროს ეწვიო და მიიღო სიამოვნება.
ერთმა ადამიანმაც, რომ თქვას საზღვარგარეთ, რომ საქართველო მოსწონს და ჩვენს ქვეყანაში აპირებს მოგზაურობას ამასაც კი ხელშესახები და პირდაპირი ეფექტი ექნება. ადამიანებს გვახასიათებს მიმბაძველური ქცევები, რადგანაც ვუსმენთ ვინ სად მოგზაურობს და რამდენად კმაყოფილია. როდესაც საქართველოდან ვუშვებთ კმაყოფილ ტურისტს, ეს ნიშნავს, რომ ერთი ათად დაგვიბრუნდება მომდევნო წლებში. კონკრეტულად, შარშან ჩატარებულ ღონისძიებებს პირდაპირი ეფექტი იმავე წელს ვერ ექნება, მაგრამ ასეთი ტიპის ღონისძიებები გათვლილია ერთ წლიან და ორ წლიან, საშუალო ვადიან შედეგებზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი რის ხარჯზეც ჩვენ გაქვს გაზრდილი სტატისტიკა.
ყოველ წელს ვითარდებით და წინ მივდივართ. თითოეული რგოლის, თითოეული სექტორის კარგი მუშაობა ქმნის ამ დამაკმაყოფილებენ შედეგებს. ბაკურიანი იქნება გუდაური, თუ კახეთი ისეთი ღონისძიებების უნდა ჩავატაროთ, რომ საერთაშორისო მედიისთვის იყოს საინტერესო და აქტიური", - განმარტავს გიორგი დოლიძე.
წყარო: Businessinsider.ge