სიახლეები
მთავარი სიახლეები
"ორი დიდი ჩავარდნა რომ არა, ტურიზმის სექტორი უფრო დიდ შედეგზე გასვლას შეძლებდა" - გიორგი დოლიძე
 20.01.2025

2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა და 6.4 მილიონს გადააჭარბა. HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველი გიორგი დოლიძე ფიქრობს, რომ სექტორს გაცილებით უკეთესს მაჩვენებლებზე გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, რომ არა 2024 წლის განმავლობაში არსებული ორი საპროტესტო ტალღა.

„2024 წელი საკმაოდ კარგად დავიწყეთ და გვქონდა დადებითი მოლოდინები, რადგან პირველი კვარტალი დაბალი სეზონის მიუხედავად დატვირთული იყო, შესაბამისად, გაიზარდა ფასიც. მიზანი იყო წინა წლის მაჩვენებლების გაუმჯობესება, რაც შევძელით, თუმცა გვქონდა ორი დიდი ჩავარდნა - გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე. ამ მოვლენებმა ხელი შეუშალა ივენთების, კორპორაციული წვეულებებისა და საკონფერენციო, MICE-ტურიზმის მიმართულებებს, რაც, ცხადია, აისახა წლის შემოსავლებზეც.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე რომ არ მომხდარიყო, უფრო დიდ შედეგზე გასვლას შევძლებდით. დეკემბერი არის ხოლმე ის თვე, როდესაც ყველა კომპანია მობილიზებას აკეთებს კორპორატიული ღონისძიებების, გასულ წელს, გაუქმებები ქალაქის ცენტრში განსაკუთრებით საგრძნობი იყო, დაახლოებით 65-70%-იანი კლებით. განთავსებას და დატვირთულობას რაც შეეხება, კლება ამდენი არ იყო, თუ უშუალოდ ეპიცენტრში მდებარე სასტუმროებზე არ ვისაუბრებთ.

რაც შეეხება ფასებს, 10-15%-ის ფარგლებში იყოგაზრდილი. 2024 წლის ფასებს წელს ასევე ვამატებთ დაახლოებით 10%-ს და ვცდილობთ ამ ნიშნულით ვიმუშაოთ, თუკი ცხადია იქნება მოთხოვნა." - განაცხადა დოლიძემ

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შემდეგი ქვეყნებიდან იყო: რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი, ინდოეთი, უკრაინა, ჩინეთი, საუდის არაბეთი, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 438 414 ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ვიზიტები მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი.

წყარო: BM.GE