სიახლეები
მთავარი სიახლეები
Norwegian-ის შემოსვლა მიმართულია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვისკენ - გიორგი დოლიძე
 02.12.2025

საქართველოს ბაზარზე Norwegian-ის და ზოგადად მსგავსი ტიპის ავიაკომპანიების შემოსვლა მიმართულია საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობისკენ, - აცხადებს კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე.

როგორც დოლიძე განმარტავს, 2025 წელს საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების და ზოგადად ახალი პირდაპირი რეისების დანიშვნის კუთხით ბუმი იყო.

„საქართველოს ავიაბაზარზე ისეთი ძლიერი ავიაკომპანიის შემოსვლა, როგორიც არის Norwegian-ი და მათი მხრიდან საქართველოს ბაზრით დაინტერესება, არის კიდევ ერთხელ დამაჯერებლობის შემქმნელი საერთაშორისო ბაზარზე, თუ რამდენად საინტერესო და ხელმისაწვდომია საქართველო სკანდინავიის ქვეყნებისთვის. Norwegian-ის შემოსვლა არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოს შეუძლია მოიზიდოს უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და მით უმეტეს, რომ ახლა პირდაპირი რეისები გვემატება დანიის დედაქალაქიდან. ჩვენთან ყოველთვის იყო სკანდინავიური ქვეყნებიდან დიდი მოთხოვნა და ახლა პირდაპირი ფრენების დანიშვნით ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც საქართველოში ჩამოსვლა კიდევ უფრო მარტივად მოხდება.

სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტები უფრო დაინტერესებულები არიან სამთო და კულტურის ტურიზმით, რითაც ჩვენთან დაიტვირთება მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროები. ზოგადად, 2025 წელს იყო ბუმი პირდაპირი ფრენების კუთხით და ავტორიტეტული კომპანიების საქართველოთი დაინტერესების მიმართულებით. წლის ბოლოს ასეთი კარგი სიახლეები კი 2026 წლისთვის კიდევ უფრო მეტი შედეგების მომტანი გახდება. ამ ეტაპისთვის ჩვენ - სასტუმროები, ტურისტული კომპანიები - კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდებით სკანდინავიური ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე, რაც გამოიხატება ამ ქვეყნებში ვიზიტებით, პრეზენტაციებით, შეხვედრებით და მოლაპარაკებების გაღრმავებით", - განმარტავს HSC Group Hospitality-ს დირექტორი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის Glarros OldTown-ს, Holiday Inn Resort-ს, BlueSky Towers-ს, Home2Suites by Hilton-ს და სხვას.

გიორგი დოლიძე აცხადებს, რომ Norwegian-ის შემოსვლა, გარდა შემომყვანი ტურიზმისა, მნიშვნელოვანია ქართველი მოგზაურებისთვისაც, რათა ახალ ქვეყნებს გაეცნონ და მეტი ტურისტული თავგადასავალი დააგროვონ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 27 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ევროპული ავიაკომპანია Norwegian იწყებს.

Norwegian კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში ორჯერ შესრულდება.

ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებულ საავიაციო პოლიტიკას, მათ შორის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მზარდ დინამიკას და ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

წყარო: Businessinsider.ge