ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, - ამის შესახებ მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე აცხადებს. მისი თქმით, 2025 წელი იყო ბევრი სიახლე, რაც ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
„2025 წელი იყო მართლაც საამაყო წელიწადი და იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეების პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ ვიხილეთ წლის დასაწყისში ამდენი ახალი ავიამიმოსვლა და პირდაპირი ფრენა საქართველოში ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ევროპის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრიტანეთის. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები. 2025 წელს საერთო ჯამში ვასრულებთ 80%-იანი დატვირთულობით - ჯამში მოვემსახურეთ 33 000 ტურისტს - და 10%-ით გაზრდილი ფასით. იმ სიახლეებისა და ფუნდამენტური, კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შედეგებს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ ვიხილავთ 2026 წელს და გრძელვადიან პერიოდში.
მაღალ სეზონზე მივაღწიეთ პიკურ დატვირთვას თბილისში - ეს იყო 92%. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონის პიკურ პერიოდებში, იყო მომენტები, როდესაც მაღალი კლასის, ბრენდული სასტუმროების გამოცხადებული ფასები ზოგ შემთხვევაში, აჭარბებდა კიდეც მაგალითად ევროპის სხვადასხვა ანალოგიური ტიპის სასტუმროების გამოცხადებულ ფასებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარესი
წყარო: Businessinsider.ge
