სიახლეები
მთავარი სიახლეები
ფასდაკლებები 15-25%-ის ფარგლებში მერყეობს - გიორგი დოლიძე
 16.04.2026

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც იმის შესახებ იმსჯელეს, როგორ მოახერხონ კომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე წარმოქმნილ კრიზისებთან გამკლავება.

რადიო „კომერსანტის" ეთერში საუბრისას კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორი გიორგი დოლიძე აცხადებს, რომ კერძო სექტორი და სახელმწიფო თანხმდებიან, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც გასულ წლებში აქტიურად მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, დღევანდელი რეალობის გადამრჩენელია და მოკლევადიან პერსპექტივებში შესაძლებელია იმ შესაძლებლობის გამოყენება, რასაც ამდენი მიმართულებიდან პირდაპირი რეისები ჰქვია, რათა გარკვეულწილად დაბალანსდეს და შეივსოს ის დანაკლისი, რაც ახლო აღმოსავლეთის ვითარებამ შექმნა.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მართავს შეხვედრებს კერძო სექტორთან. ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა ვითარებამ პირდაპირი გავლენა იქონია საქართველოზე, რადგან ისრაელი და ემირატები ჩვენი ქვეყნისთვის აქტიური და მასიური მიმართულებებია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან მკაფიოდ გაჟღერდა ის გარემოება, რომ აქტიურად მოხდება კიდევ ახალი პირდაპირი ფრენების დამატება საქართველოს მიმართულებით. გარდა ამისა, შესაძლოა, შარშან დამატებული ფრენების რიცხვი და სიხშირეებიც უნდა გაიზარდოს.

შორეული სტრატეგიებისა და გეგმების დასახვა შეუძლებელია, რადგან ყველა დამოკიდებული ვართ იმაზე, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს შესაძლებლობებს სცილდება.

დაბალი სეზონის მიუხედავად, ხალხი ჩამოდის და ჩვენც დაკორექტირებულ, შესაბამის ფასებს ვთავაზობთ. დიდ აქცენტს ვაკეთებთ მეზობელ ქვეყნებზე, როგორებიცაა: თურქეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ. ასევე, ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები საკმაოდ აქტიურობდნენ ემირატებში მოგზაურობით და ნაწილობრივ შესაძლებელია, რომ საქართველოს განიხილავდნენ როგორც ერთ-ერთ უახლოეს და მარტივად ხელმისაწვდომ ალტერნატივად.

ჩვენ ფასების შემცირებისკენ უფრო წავედით. ფასდაკლებები 15-25%-ის ფარგლებში მერყეობს. მაისიდან ჯერჯერობით სტანდარტული გამოცხადებული ფასები გვაქვს, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მაღალია", - აცხადებს გიორგი დოლიძე.

წყარო: Commersant.ge