ნიშური ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თუმცა მის შედეგებს დრო სჭირდება, - ამის შესახებ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა. მისი თქმით, პარალელურად აუცილებელია მასობრივი ტურისტული ნაკადების შენარჩუნება, რომელიც ბაზარს სტაბილურ დატვირთულობას უზრუნველყოფს.
„ვიტყოდი, რომ ნიშური ტურიზმი საკმაოდ კარგია, თუმცა მას დრო სჭირდება და რთულად მისაღწევია. იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და მხოლოდ ნიშურ ტურიზმს არ დაველოდოთ, ამასობაში საკმაოდ გააქტიურებული და კარგად განვითარებული მასობრივი მიმართულებები გვაქვს. ვფიქრობ, ეს პროცესი არ უნდა შეწყდეს, რადგან, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა წლიდან წლამდე მასობრივად გამარაგებს საბაზისო დატვირთულობით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
მერე უკვე ბაზარი არეგულირებს ყველაფერს და ყველა ლოკაციას, მათ შორის თბილისშიც, უბნების მიხედვითაა დაყოფილი, თუ ზოგიერთ უბანში რომელი სეგმენტის ტურისტი დადის და ზოგიერთში - რომელი. ანუ, საბოლოო ჯამში, სტრატეგიები იქითკენ არის მიმართული, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ. სწორედ ამიტომ ემატება ფრენები, რაც ზურგს გიმაგრებს, რომ მათ შესაბამისი კომფორტი შეუქმნა, და ამიტომაც შენდება წლიდან წლამდე ამდენი ბრენდული თუ მაღალი კლასის ობიექტი", - აცხადებს გიორგი დოლიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ტურიზმის სექტორი ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის კუთხით.
„10 წლის წინანდელ პერიოდს რომ შევადაროთ, საგრძნობლადაა გაზრდილი იმ საერთაშორისო ბრენდების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ეს ხდება სწორედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს სერვისის დონე და ჩამოსულ სტუმრებს მაღალი კლასის დასვენება შევთავაზოთ.
როგორც წეღან ვსაუბრობდით, ამ მიმართულებებისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია გასართობი ღონისძიებების გააქტიურება და გამრავლება, რადგან გართობა სწორედ ის ფართო სპექტრია, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია სხვადასხვა სახის აქტივობა შესთავაზო განსხვავებულ სეგმენტებს. ჩვენ ვიცით, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტები, როგორც წესი, ჯგუფურად, ავტობუსებით არ გადაადგილდებიან - ისინი უფრო ინდივიდუალურ სერვისებზე არიან ორიენტირებულები და, შესაბამისად, მზად არიან, ამაში თანხაც გადაიხადონ.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაც უფრო მეტი გასართობი საშუალება გვექნება ქვეყანაში და რაც უფრო მეტად დავაპოზიციონირებთ, რომ საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ერთდროულად შეუძლია თავის გემოვნებას მოარგოს აქ მიმდინარე აქტივობები, ეს, დროთა განმავლობაში, სწორედ იმ ნიშური მიმართულების სეგმენტთან კიდევ უფრო მიგვაახლოებს", - აცხადებს HSC Group Hospitality-ის დირექტორი.
წყარო: Businessinsider.ge
