საქართველოსთვის მწვანე ზონის სტატუსის მინიჭება, ტურისტული კომპანიების პასუხიმგებლობა საქართველოს გარე რეკლამირებისთვის, სამთავრობო გადაწყვეტილებების ეფექტი ეკონომიკისთვის – აღნიშნულის შესახებ „ბანკები და ფინანსებთან“ კომენტარს ტურიზმის სფეროს ექპერტი, გიორგი დოლიძე აკეთებს
საქართველომ COVID-19-ის პანდემიას და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას თავი სანიმუშოდ გაართვა, რაც აისახა ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკაზე. საქართველო მსოფლიო რუკაზე მონიშნა როგორც მწვანე ზონა – ქვეყანა, რომელმაც შეძლო კორონავირუსის მართვა და მისი ეტაპობრივი შესუსტება, ამ გარემოებამ კი, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართ გაიზარდა ინტერესი, ნდობა და ჩამოყალიბდა მწვანე ზონის სტატუსი, რომლის სწორად გამოყენებაც, შესაძლოა, არამხოლოდ ეკონომიკას და განცალკევებით ტურიზმს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ნდობას და პარტნიორობის ზრდას წაადგეს.
ყველამ კარგად იცის, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზარალა და მილიარდობით ზარალი მიაყენა დარგს. დღეს, როდესაც საუბარი მიდის შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნაზე, COVID უსაფრთხოების ნორმების შემოღებასა და საზღვრების გახსნაზე, ძალიან გვეხმარება მწვანე ზონის სტატუსი, რადგან პოტენციური ტურისტები, ჩემი აზრით, სწორედ ასეთ მიმართულებებზე გააკეთებენ აქცენტს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ტურიზმი 2020 წელს მიუახლოვდება პანდემიამდე სიტუაციას, თუმცა გარკვეულწილად მაინც დაგვეხმარება გამოღვიძებაში. ახლა, მთავარია, არსებული სტატუსის შენარჩუნება, უსაფრთხოების ნორმების სრულად დაცვა, სასტუმროებისა და კვების ობიექტების მკაცრი შემოწმება, საზღვარზე შესაბამისი ზომები და დასაქმებული პირები სპეციალური ტრენინგები. ტურისტებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მიდიან უსაფრთხო ქვეყანაში, სადაც სასტუმროდან დაწყებული ტრანსპორტით დამთავრებული, არსად ექნებათ დაინფიცირების რისკი.
2020 წელს, მიმაჩნია, რომ ორგანიზებული ტურიზმი, რასაც დიდი ჯგუფების მიმოსვლა ჰქვია, ნაკლებად იქნება. უფრო, ვვარაუდობ, რომ იმოგზაურებს 40 წლამდე ასაკის პირები. საქართველომ უნდა დაიჭიროს ოქროს შუალედი და ტურისტს არ უნდა შეუქმნას განცდა, რომ დასვენების ნაცვლად, მიდის კარანტინში. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე, ინდივიდუალური და ჯგუფური ნაკადების პროცენტულობა 70%-30% განაწილდება.
აუცილებელია, რომ ყველა სასტუმროს ჰქონდეს გათავისებული ის ზომები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა. თავდაპირველად, უცხოელ ტურისტულ კომპანიებთან საუბრისას გამოიკვეთა მეტი ინტერესი ბრენდული სასტუმროების მიმართებაში, რადგან ფიქრობენ, რომ ბრენდულ სასტუმროში ზედმიწევნით იქნება დაცული COVID-ის უსაფრთხოების სტანდარტები. არის ამაში გარკვეული ლოგიკა, თუმცა რომ არ მოხდეს არაბრენდულ სასტუმროებზე ნაკლები მოთხოვნა და ამასთანავე, ობიექტი არ შეიცავდეს რისკს, საჭიროა, უკლებლივ ყველა სასტუმრომ დაიცვას მკაცრი წესები და აიღოს ლიცენზია, რომლის წარდგენით პარტნიორებს დაუდასტურებს უსაფრთხო გარემოს და მიიღებს სანდო სტატუსს. ეს განსაკუთრებით დასჭირდებათ ჩვენს ტურისტულ კომპანიებს, რომ დაარწმუნონ უცხოელი პარტნიორები საქართველოს სასტუმროების სანდოობასა და უსაფრთხოებაში. ანალოგიური სიტუაცია იქნება კვების ობიექტებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე.
როგორც ჩანს, მწვანე ზონის სტატუსი ძალიან საპასუხისმგებლოა და მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ ამის შესანარჩუნებლად, სწორად „გასაპიარებლად“ და ტურისტების უსაფრთხო გარემოში მოსაზიდად. ამასთანავე, ცალსახაა, რომ ტურისტების შემოდინებასთან ერთად, გაიზრდება ვირუსის იმპორტის რისკი და ეს საკითხი არის ძალიან სენსიტიური. როდესაც მოგზაური გადმოკვეთს საზღვარს, მესაზღვრე უნდა იყოს 100% დარწმუნებული, რომ მას ვირუსი არ აქვს და ეს უნდა დაადასტუროს 72 სთ ის განმავლობაში აღებული PCR ტესტით, რაც მიმაჩნია, რომ ბიუროკრატიაა, თუმცა დღეს აუცილებელია. იარსებებს სხვა წესებიც, რომლის დაცვაც მოუწევთ საქართველოში მოგზაურობის მქონდე ტურისტებს. ასეთია დღევანდელი რეალობა და ჩვენ ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს კორონავირუსის სწრაფ დასრულებას და ჩვეულ რეჟიმში სწრაფ დაბრუნებას.
უმნიშვნელოვანესია შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და ეს ნაწილობრივ ხელს შეუწყობს რეგიონებში სასტუმროების განვითარებას. დღესდღეობით, გაყიდვების მიმართულებით ვთანამშრომლობ რამდენიმე რეგიონის სასტუმროსთან და ძალიან მიხარია, რომ ივლისიდან უკვე გვაქვს მოთხოვნა ქართველებისგან. გავაკეთეთ სპეციალური პაკეტები, რომლებიც მორგებულია, როგორც ოჯახის, ისე ინდივიდუალურ დასვენებაზე. აგრეთვე, საკმაოდ საინტერესო პაკეტებს ვთავაზობთ ქვეყანაში მოღვაწე კომპანიებს და მათ თანამშრომლებს, რომლებსაც შვებულების გატარება მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სურთ მთაში, მშვიდ და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხო გარემოში.
სამწუხაროდ, ყველაზე ბოლოს ვვარაუდობ თბილისის ამუშავებას, რადგან შიდა ტურიზმი თბილისში არ გვაქვს, ტურისტები კი ივლისიდან იმ რაოდენობით არ დაიწყებენ მიმოსვლას, რომ დედაქალაქში სასტუმროებმა ამოისუნთქონ.
წყარო: bfm.ge