სიახლეები
მთავარი სიახლეები
დედაქალაქში ერთი თავისუფალი ოთახის პოვნაც კი რთული იყო - გიორგი დოლიძე ქანიე უესტის კონცერტზე
 17.06.2026

„არსებული ტენდენციები ნამდვილად საამაყო და დამაიმედებელია, იქიდან გამომდინარე, რომ წლის პირველი ნახევარი, რომელიც სექტორმა განვლო, საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა - გაზრდილია ტურისტული ნაკადების რაოდენობა და ამ პროცესს ფეხს უწყობს შემოსავლების ზრდაც, რაც დიდ მოტივაციას აძლევს სექტორის წარმომადგენლებს", - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა. მისი თქმით საქართველოში სასტუმროების დატვირთულობამ გაზაფხულის ბოლოდან 80-90%-ს მიაღწია, ცალკეულ დღეებში კი 100%-საც,.

„ტურისტული კომპანიები და სასტუმროები ძალიან აქტიურად მუშაობენ, თუ არ ჩავთვლით იმ წერტილოვან ჩავარდნებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ვიხილეთ.

„რყევები თებერვლის ბოლოდან მარტის ოცამდე შეინიშნებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, მალევე ყველაფერი დასტაბილურდა. დაახლოებით მარტის ბოლოდან პირდაპირ მაღალი, პიკური დატვირთვის ნიშნულზე გადავედით, რაც 80-დან 90 პროცენტამდე მერყეობს, ზოგ შემთხვევაში კი დღიური მაჩვენებელი 95-100 პროცენტიც კია. ეს ნამდვილად ძალიან გასახარია თითოეული თანამშრომლისა და ამ სექტორში მოღვაწე თითოეული ადამიანისთვის.

გასულ პარასკევს საერთაშორისო არტისტის, კენი ვესტის კონცერტი ჩატარდა, სადაც ვნახეთ, თუ რამდენი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია საქართველოს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ ხოლმე, რომ ქვეყანას ყოველთვის გვჭირდება მსგავსი ტიპის აქტივობები და სიახლეები, რათა რაც შეიძლება მეტი აქტიური და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ. ჩვენ ვიხილეთ ვიზიტორები როგორც ევროპიდან, ისე უშუალოდ მეზობელი ქვეყნებიდან. ამ მოვლენის გამო დედაქალაქში ერთი თავისუფალი ოთახის პოვნაც კი რთული იყო

დატვირთულობა, რა თქმა უნდა, მაღალია. ფაქტობრივად, როგორც ცენტრალურ, ისე პერიფერიულ ლოკაციებზე სასტუმროების უმეტესი ნაწილი 100%-ით იყო დატვირთული, საშუალო მაჩვენებელი კი 80-90 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. ფართო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა საქართველოში ვიზიტი.

დამატებული და გამარტივებული ფრენების წყალობით, ჩვენს ქვეყანას რეგიონში ცენტრალური პოზიცია უჭირავს. საქართველო უკვე იმდენად კარგადაა დაბრენდილი, რომ მოგზაურებს გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს. ეს კი ტურიზმის თითოეული რგოლისთვის იქნება ეს ტურისტული კომპანია, სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო (გესტჰაუსი) თუ სხვადასხვა აქტივობა დიდ პოტენციალს აჩვენებს.

ეს პროცესი გადადგმული დამაჯერებელი ნაბიჯია, რომელიც ადასტურებს, რომ ტურისტებს ქვეყანაში უსაფრთხოდ ჩამოსვლა, დასვენება და ოთხი სეზონის ქვეყნით სიამოვნების მიღება შეუძლიათ. ამავდროულად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის არტისტების კონცერტებს დაესწრონ", - აცხადებს გიორგი დოლიძე.

HSC Group Hospitality-ის დირექტორის თქმით, კანიე ვესტის კონცერტისთვის საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების დაახლოებით 25-30% უცხოელი ტურისტი იყო, რაც არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების ტურისტულ დატვირთულობაზეც აისახა. მისი თქმით, სტუმრების ნაწილი კონცერტს რეგიონებში მოგზაურობასაც უთავსებდა, რამაც აჭარისა და კახეთის მიმართულებებზე მოთხოვნა გაზარდა.

წყარო: Businessinsider.ge

 

სხვა სიახლეები