სიახლეები
მთავარი სიახლეები
შიდა ტურიზმი COVID-19 - ის პირობებში - გიორგი დოლიძის შეფასება
 11.10.2020

კორონა ვირუსის გამო რამხელა ზარალი განიცადა მსოფლიომ და უშუალოდ ჩვენმა ქვეყანამ, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. როდესაც ვირუსის გავრცელებას პირველად ეწოდა ეპიდემია და დაიწყო მთელი რიგი მსოფლიო შეზღუდვები, მაშინვე პირველი დარტყმა და დანაკარგი ტურიზმის სფერომ განიცადა. დაიწყო რეზერვაციების ტოტალური გაუქმებები და კოლაფსი. ამას მოყვა ქვეყნის ჩაკეტვა და შემდეგ უკვე კრიტიკული პერიოდი - კომენდატის საათი და საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვები. ცხადია, იმ პერიოდში შიდა ტურიზმზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, თუმცა კომპანიაში კარგად გვქონდა გააზრებული რომ საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა 2020 წელს წარმოუდგენელი იქნებოდა და აუცილებელი იყო სასწრაფოდ ბაზარზე ცვლილებები, რომლებიც შეზღუდვების მოხსნისთანავე მიმართული იქნებოდა შიდა ტურიზმის გამოწვევისკენ. თავისთავად ცხადია და მაშინაც მოლოდინი ასეთი იყო, რომ თბილისის სასტუმროები ყველაზე ცუდ დღეში იქნებოდნენ, რადგან შიდა ტურიზმის ჭრილში წარმოუდგენელი იყო დედაქალაქში ქართველის ტურისტად ან დამსვენებლად ჩამოყვანა. აქედან გამომდინარე დღესაც თბილისის სასტუმროების ძირითადი ნაწილი დახურულია, მათი თანამშრომლების გარკვეული ნაწილი რეგიონის სასტუმროებში დასაქმდა და ამაში მონაწილეობა HSC Group - მაც მიიღო, ზოგსაც კი სფეროს დროებითი შეცვლა მოუწია. 

პოსტ პანდემიური სიტუაციის შემდეგ უკვე შიდა ტურიზმზე მორგებული სტრატეგიებით მოვემზადეთ და გავხსენით ჩვენი მართვის ქვეშ მყოფი სასტუმროებიჩვენი პორტფოლიო რეგიონებისა და სასტუმროს ტიპების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ამაში ალბათ გაგვიმართლა. ბაზარს შევთავაზეთ ჩვენი მოსახლეობისთვის მისაღები ფასები და ისეთი მიმზიდველი ლოკაციები როგორიცაა მესტია, შეკვეთილი, კახეთი და ვამზადებდით ყაზბეგის სასტუმროს პროექტს პირველად გასახსნელად, რომლის მომზადებაც 2019 წლის პირველ კვარტალში დავიწყეთ.

სასტუმროების დატვირთულობამ და ქართველების აქტიურობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მესტიაში სასტუმრო ფაქტიურად 80-90% - ზე მუშაობდა ივნისში, ივლისსა და აგვისტოს გარკვეული პერიოდი. თუმცა მოულოდნელად იფეთქა ვირუსმა სვანეთში, რამაც ხელმეორედ გაანადგურა ვითარება. იმ პერიოდში სასტუმროში ყველა ნომერი დაკავებული გვქონდა და მოგვიწია სტუმრების დატოვება საკარანტინო სტატუსით, რომლებიც 2 კვირა გაჩერდნენ ბანგურიანში. მას შემდეგ კიდევ მივიღეთ რამდენიმე საკარანტინო ჯგუფი და მესტიაში ყველაფერი გაჩერდა. ამასობაში სეზონიც გავიდა და დღეს მესტია ისევ ცარიელია. რაც შეეხება შეკვეთილს, სასტუმრო მაგნიკას, საკონსულტაციო მომსახურების პერიოდში, ქართველებმა აქაც იაქტიურეს და სწორმა მიდგომამ  მოკლე ვადაში  ნორმალური შედეგი გვაჩვენა. 

ბათუმის კლასტერის აფეთქების შემდეგ ზღვისპირეთიც დაცარიელდა, ამასობაში სეზონიც გავიდა, ეს კი პირდაპირ აისახა განთავსების ობიექტებზე. 

გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც კახეთში სასტუმრო ამპელო შემოუერთდა ბაზარს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს პირველად გახსნა და ბაზარზე პირველადი პოზიციონირება პანდემიისა და გაზრდილი კონკურენციის პირობებში ხვდა წილად და ეს ძალიან დიდი რისკი იყო გუნდისთვის. თუმცა, სწორმა ხედვამ, ბაზრის სათანადო კვლევამ და შესაბამისმა სტრატეგიებმა უზრუნველყო ამპელოს პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე და 15 აგვისტოდან დღემდე ყველა ვიქენდი არის 100% დატვირთული, ხოლო სამუშაო დღეები კი 50%-60% - ით. აქედან ყველა სტუმარი ქართველია და ძალიან აქტიურად ღებულობენ სასტუმროს აქტივობებში მონაწილეობას როგორიცაა რთველი, ღვინის ტური, მასტერკლასები და ა.შ. სასტუმროს ტერიტორია იდეალურია ქორწილებისა და ღონისძიებებისათვის, რაც იჯდა ჩვენს სტრატეგიაში, მაგრამ ისევ და ისევ ვირუსის მეორე ტალღამ და აკრძალვებმა შეაფერხა ეს მიმართულება. თუმცა მიუხედავად ამისა, კახეთს და ამპელოს ჯერ-ჯერობით ყველაზე ნაკლებად შეეხო მეორე ტალღის მოახლოება და იმედია ასეც გაგრძელდება. ოქტომბრის ბოლომდე თითქმის ყველა არასამუშაო დღე ისევ 100% დატვირთულია წინასწარი ჯავშნებით, ხოლო სამუშაო დღეებზე გავაკეთეთ სპეციალური აქცია და 30% ფასდაკლება შევთავაზეთ სტუმრებს, რაც შედეგს გამოიღებს და ვფიქრობთ, რომ სამუშაო დღეების დატვირთულობის მაჩვენებელი ოქტომბერშიც მიუახლოვდება 50% - იან ნიშნულს.

ქართველი ტურისტების ძირითადი სეგმენტი მაინც დედაქალაქიდან იყო ყველა მიმართულებით. აჭარასა და მესტიაში შესაბამისად ერთ რეზერვაციაზე საშუალოდ 3 ღამე მოდიოდა. გამომდინარე იქედან, რომ თბილისიდან მესტია საკმაოდ შორსაა, 1 ღამის გამო ხალხი ნაკლებად დადის. ამიტომაც ასე მკაცრად გამოყოფილი სამუშაო და არასამუშაო დღეების დატვირთულობა არ გვქონია. მეტ-ნაკლებად სტაბილური მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება შეკვეთილს, აქაც საშუალო ღამის თევა ერთ რეზერვაციაზე 3 და მეტი ღამე, თუმცა აქ უფრო ოჯახები ჭარბობდნენ, ვისაც ბავშვებიც ახლდათ, ვიდრე წყვილები და ძალიან აქტიური დასვენების მოყვარულები. თუმცა იყო კატეგორია ხალხის, ვინც მეგობრებთან ერთად შეკვეთილში ჩერდებოდა, რათა ჰქონოდა ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მაგნიტური ქვიშის საკუთარი პლაჟი, ღია აუზი და საღამოს მიდიოდნენ ბათუმში აქტიური ნაწილის გასატარებლად. კახეთის თბილისთან სიახლოვემ განაპირობა 100% დატვირთულობა პარასკევს, შაბათს და კვირას და გამოყო სამუშაო დღეები. ობიექტი 15 აგვისტოს გავხსენით და ცალსახად შეიძლება ითქვას, რთველის სეზონამდე სტუმრების 80% იყვნენ მეგობრები, წყვილები, თანამშრომლები, ვინც ქალაქის ქაოსიდან გასვლას ვიქენდზე ცდილობდა ისეთ ლოკაციაზე, სადაც ღია აუზი, ხედი, განსაკუთრებული სამზარეულო და სარეკრეაციო ზონები დახვდებოდათ. რთველისა და ღვინის ტურების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა, წავიდა აუზისა და გარე სივრცეების სეზონი, ბევრი ოჯახი გვესტუმრა ბავშვებით, რათა ერთობლივად მიეღოთ მონაწილეობა რთველში, მასტერკლასებსა და ღვინის ტურებში. ამით დაბალანსდა სეგმენტი და უახლოეს პერიოდში იგეგმება ძალიან საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც მიმზიდველია ყველა ტიპის მოგზაურისთვის. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებდი ქართულ ტურისტულ კომპანიებს და პანდემიამ ეს სეგმენტი უკიდურესად აზარალა. როდესაც ზაფხულის დასაწყისში სასტუმროები და რესტორნები გაიხსნა, ხალხმა მოძრაობა დაიწყო და ნაწილობრივ ამუშავდა შიდა ტურიზმი. თუმცა, როდესაც შიდა ტურიზმზე ვსაუბრობთ, საქართველოში ჯერ მკაფიოდ არ არის ის კულტურა ჩამოყალიბებული, რომ ქართველმა მისივე ქვეყანაში დასასვენებლად ტურისტულ კომპანიას მიმართოს. ყოველთვის ცდილობენ ,,მარტივად’, პირდაპირ სასტუმროში გააკეთონ რეზერვაცია და შუა რგოლის მონაწილეობას თავი აარიდონ. ეს სტანდარტი რომ დაინერგოს და გაჯდეს მენტალობაში, ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო, როგორც სასტუმროების, ისევე ტურისტული კომპანიების მხრიდან. ტურისტული კომპანიებისთვის ერთადერთი გადარჩენის გზა იყო შიდა ტურიზმის ფარგლებში სასტუმროების გაყიდვა, რაშიც ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწვეთ და სპეციალურად იმისთვის, რომ საშუალება ჰქონოდათ ბაზარზე ოპერირებისა და სიცოცხლის შენარჩუნების, გავატარეთ მათთვის ისეთი საფასო პოლიტიკა, რომებიც საგრძნობლად, სტანდარტულ სიტუაციისგან რადიკალურად განსხვავდებოდა სასტუმროების გამოცხადებული ფასებისგან და ამით მივეცით საშუალება გამოეწვიათ პოტენციურ მოგზაურებში ინტერესი ფასის დიდი სხვაობისა და დანაზოგის შესაძლებლობით. მიდგომამ გაამართლა, ტურისტულმა კომპანიებმა ძალიან იაქტიურეს, კარგი რეკლამაც გაგვიკეთეს მათ სოც. მედიაში და საბოლოო ჯამში მივიღეთ კრიზისის დროს ერთმანეთის დახმარებით გარკვეული შედეგები, რომლებიც ორივე ბიზნესს წაადგა. 

ქვეყანაში შიდა ტურიზმის ზოგად შეფასებაზე რომ გადავიდეთ, პანდემიის დროს ტურიზმი საქართველოში რადიკალურად გადაეწყო სხვა რელსებზე, რამაც, გარკვეულწილად, შეცვალა სტრატეგიები და მიდგომები. გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს. ქართველი ტურისტი არის ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული მოგზაური თავის ქვეყანაში. აქამდე მიჩვეულები ვიყავით თურქეთსა და მსგავს კურორტებზე დასვენებას, სადაც, უნდა ვაღიაროთ, მაღალი დონის მომსახურება გვხვდებოდა და ფასები გადაფრენიანად არც აღემატებოდა ღირებულებას, რომელიც ოჯახთან ერთად იგივე ტიპის დასვენებაში აჭარაში უნდა გადაეხადა. საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია ფასების ჩამოწევა და ხალხი, რომელმაც ქვეყანა ვერ დატოვა, მაგრამ ჰქონდა საშუალება, დასვენებაში თანხა გადაეხადა, გადაწყვიტა თავისივე ქვეყნის უკეთ მონახულება, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო სასტუმროების დატვირთულობაზე. ამასთანავე, ქართველებმა ნახეს, რომ ყოველთვის სხვაგან გაფრენა არაა აუცილებელი, რადგან ჩვენს ქვეყანაშივე შეგვიძლია ხანდახან განვიტვირთოთ, მაგრამ არა ყოველთვის. ქართველი ტურისტების გაზრდილმა ნაკადმა ერთმნიშვნელოვნად გაზარდა სასტუმროებს შორის კონკურენცია, უშუალოდ მომსახურების ხარისხისა და სისუფთავის მიმართულებით, რაც არაბრენდული, მცირე ზომის ობიექტების უმრავლესობის ხშირი ტკივილია, რადგან ხარჯების ზედმეტად შემცირების მიზნით არ აჰყავთ პროფესიონალი კადრი და არ ხარჯავენ თანხებს თანამშრომლების ტრენინგებში, რაც საბოლოო ჯამში უფრო ძვირი უჯდებათ. ამან დაანახა პატარა სასტუმროების/რესტორნების მფლობელებს და მენეჯერებს, რომ აქამდე თუ გათვლა ჰქონდათ ისეთ უცხოელ ტურისტზე, რომელიც ერთჯერადად ჩავიდოდა და მათი განმეორებითი ვიზიტიც დიდად არ აღელვებდათ, ქართველის სახით უკვე იმდენად პრეტენზიული და „საშიში" ტურისტების მიღება უწევდათ, რომ ასეთ კონკურენტულ გარემოში ხარისხის გაზრდაზე ზრუნვა თუ გადაარჩენდათ. ამ მომენტში დაფიქრდნენ, რომ ქართველს ყოველთვის მოყვება თავისი მეგობარი, მუდამ ხდება მიპატიჟება და Word of Mouth ჩვენს ქვეყანაში მოწოდების სიმაღლეზეა. ასეთი ტიპის მცირე განთავსების ობიექტების მფლობელები მიხვდნენ და ნაწილობრივ დაუჯერეს მათ მენეჯერებს, რომ მომსახურებისა და კვების ხარისხის აწევის გარდა, გამოსავალი არ ჰქონდათ. ამიტომაც, იზრუნეს და ასე თუ ისე, უნდა ვთქვათ, რომ მცირედი წინსვლა ამ კუთხით სფეროში შეინიშნება. იმედია, საზღვრების გახსნის მერე არ მისცემენ თავს უფლებას, რომ მოეშვან, რადგან სახელმწიფო საკმაოდ დიდ ბიუჯეტსა და რესურსს ხარჯავს ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის. ჩამოსულ ტურისტს კი აუცილებლად უნდა დახვდეს შესაბამისი ხარისხი, რათა უარყოფითი შედეგები არ დადგეს მომავალში. საერთაშორისო ვიზიტორის კმაყოფილების დონის შედეგი კი, რაც უნდა იყოს, სწორედ სასტუმროებში, რესტორნებსა და ტურისტული კომპანიების მიერ ორგანიზებულ ტურებში ყალიბდება და ამაზე სახელმწიფოს ბერკეტი ჯერჯერობით არ გააჩნია. გამოდის, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული გესთჰაუსისა თუ მცირე სასტუმროს მფლობელი და პერსონალი თამაშობს წამყვან როლს ქვეყნის პრესტიჟსა და პოპულარიზაციაში გლობალურ ბაზარზე. თუ ტურისტები წავლენ მოტყუებულები და უკამყოფილოები, აი ის ბიუჯეტიდან გაღებული რეკლამის ფულადი სახსრები, რომელიც ისევ ჩვენი ჯიბიდან მიდის, იქნება ფუჭი და ჰაერში გასროლილი. ხშირად მქონია შემთხვევა, მივსულვარ კახეთის ერთ-ერთ ღვინის პატარა მარანში და თუ გამომითქვამს სურვილი, რომ შევიძენდი ღვინოს, მიმიღია უარი არგუმენტით, რომ ქართველებზე არ ყიდიდნენ. თუ რატომ, პასუხი მარტივია - ხელოვნურად აგდებენ ღვინის ხარისხს მეტი მოგებისთვის, ამას ტურისტების უმრავლესობა ვერ ხვდებოდა და ვინც ხვდებოდა, ალბათ იფიქრებდა, ქვეყანას ღვინო არ უვარგა. შექმნილი მოლოდინი კი მაშინვე ემოციურად დაეცემოდა. 

ის ფაქტი, რომ თბილისი შიდა ტურიზმს ვერ მოერგებოდა და გაჩერდა ცხადია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, უმეტესი სასტუმრო, ბრენდული თუ არაბრენდული ქალაქში დაკეტილია. ამის გამო, ბუნებრივია ამდენ თანამშრომელს ხელფასებს ვერ გადაუხდინენ და ბევრი კარგი კადრი დარჩა სამსახურის გარეშე ან ძალიან მიზერული ანაზღაურებით, რომელიც საარსებოდ წარმოუდგენელია. რეგიონის სასტუმროების მფლობელებს, რომლებიც გახსნილები იყვნენ და მუშაობდნენ, მივაწოდეთ იდეა, ეს ხალხი დროებით დაესაქმებინათ ნორმალური სახელფასო განაკვეთით და ორი საქმე ერთად გამოვიდოდა. პირველი, აიწევდა მათი ხარისხი და სხვა თანამშრომლები კარგად დატრენინგდებოდნენ და მეორე, უსამსახუროდ დარჩენილი პროფესიონალებიც დროებით, თბილისის გახსნამდე დასაქმდებოდნენ. მათ შორის რამდენიმე ჩვენი მართვის ქვეშ მყოფ სასტუმროშიც შევძელით მსგავსი კადრის დაბინავება. რეგიონის მცირე სასტუმროების ჭკვიანმა მფლობელებმა, ვინც იდეაში დაინახა სინერგიის ეფექტი, მართლაც რომ შესთავაზა ამ ხალხს სამსახურები და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ დროებითმა როტაციამ თავისი შედეგი დადო. 

პანდემიის დროს ბევრმა ახალგაზრდა წყვილმა თუ მეგობარმა ნამდვილად აღმოაჩინა საქართველო და ქვეყნის კულტურა. მოგზაურობას მოწყურებულმა და მიჩვეულმა ხალხმა დაიწყო სხვადასხვა ადგილებზე ლაშქრობა, იქაურ გესთ ჰაუსებში გაჩერება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება. ამან თავისთავად ხელი შეუწყო როგორც მოქალაქეებისთვის ქვეყნის ღირებულებების წამოწევამ, ასევე სოფლებსა და დაბებში არსებული გესთ ჰაუსების მუშაობას და ადგილობრივებში მცირედი, მაგრამ გარკვეული თანხების მობილიზებას. 

შევეხები საკარანტინე ზონებად სასტუმროების გადაკეთებას და ვიტყვი, რომ ამ იდეამ ძალიან შეუწყო ხელი თბილისსა და რეგიონებშიც კონკრეტული სასტუმროების გადარჩენას. განსაკუთრებით გამოვყოფდი თბილისს, რადგან ყველა მხრიდან გაჩერებულ ობიეტქებს, ვინც აკმაყოფილებდა Covid-19 თან ბრძოლის და უსაფრთხოების სტანდარტებს და ვინც თანახმა იყო კარანტინის მიღების, შეძლეს და თანამშრომლები შეინარჩუნეს.  ეს დიდი საქმეა. 

აქვე დავამატებ, რომ HSC Group - ში ძალიან აქტიურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ მთელი ეს პერიოდი. გვაქვს მიმდინარე სასტუმრო პროექტები როგორც დედაქალაქში, აგრეთვე რეგიონებში, რომლებიც მშენებლობის ეტაპზეა და მათი გახსნა 2021-2022 წლებში იგეგმება. მთავარია, ბანკებმა არ შეწყვიტონ პროექტების დაფინანსება პანდემიით შექმნილი არასტაბილური გარემოდან გამომდინარე, ვინაიდან უწევთ დააფინანსონ ამ ეტაპზე ყველაზე დაჩაგრული და კრიზისული მიმართულება და რისკებსაც სხვაგვარად უყურებენ. იყო მსგავსი შემთხვევები, რომ ბანკმა დროებით თავი შეიკავა სესხის დამატებისგან, რაც პირდაპირ აისახა ინვესტორებზე, შედეგად კი დროებით დაპაუზდა მშენებლობა. 

მუდმივ რეჟიმში ვართ კომუნიკაციაში როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან და 2021 წლისთვის ჩვენი ობიექტებისთვის გვაქვს საკმაოდ ბევრი რეზერვაცია და დიდი მოთხოვნა. 2021 წლის რეზერვაციების ნაკადს თუ შევხედავთ, ვერც ვიტყვით, რომ კორონა ვირუსი ჯერ კიდევ არსბეობს. ახლა, მთავარია, 2020 წლის მიწურულს დაიწყოს საზღვრების გახსნა და დაინიშნოს რეგულაური რეისები მისაღები ფასით. 2021 წლის მაღალი სეზონი წინასწარი ჯავშნებით ფაქტიურად სავსეა. სტანდარტულ გარემოში რომ ვიყოთ, ამ ჯავშნებიდან გარანტირებულ ჯავშნებზე დეპოზიტებსაც მოვითხოვდით, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, ყველა რეზერვაცია რისკის ქვეშაა და დამოკიდებულია ისევ ფრენების განრიგსა და შეზღუდვებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნაზე რომ იყოს ტურზმის აღდგენა დამოკიდებული, საკმაოდ სწრაფი ტემპებით აღდგებოდა, თუმცა მთავარია მორჩეს პანდემია და დადგეს სრულად რეგულარული რეისები, რაც, სავარაუდოდ 2 წელი გასტანს.   ამიტომ, ამ სფეროს ყველა წარმომადგენელი მოუთმენლად ველით მომავლის პერსპექტივებს და თავისთავად ვაცნობიერებთ, რომ უმთავრესი და უპირველესი მოსახლეობის ჯანმრთელობაა. 

წყარო: Entrepreneur.com