სიახლეები
მთავარი სიახლეები
გრიგოლეთში პირველი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება - ინვესტიცია $6 მლნ-ია - გიორგი დოლიძე
 29.04.2022

გრიგოლეთში საერთაშორისო ბრენდის პირველი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო TRADEMARK COLLECTION BY WYNDHAM GRIGOLETI იხსნება. სასტუმროს ოფიციალური გახსნა მაისშია დაგეგმილი. 

მმართველი კომპანია Mcinerney Hospitality International Georgia -ს წარმომადგენელი გიორგი დოლიძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ბიზნესმენმა ვასილ ახრახაძემ სასტუმროს მშენებლობისთვის 6 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რა დროსაც „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსების პროგრამითაც ისარგებლა. 

60-ნომრიან სასტუმროში ორი სხვადასხვა სიდიდის საკონფერენციო დარბაზია - დიდი დარბაზი 80-100 ადამიანზეა გათვლილი, ხოლო მცირე დარბაზში 30 ადამიანის მიღება შეიძლება; TRADEMARK COLLECTION BY WYNDHAM GRIGOLETI-ში სტუმრებს ორი რესტორანი მოემსახურება - ზღვის ხედებით პირველ და ბოლო სართულზე. სასტუმროში მოეწყო სპა ცენტრი, სადაც დამსვენებელს, დავით ტატიშვილის ეგიდით ღვინის და სპა თერაპიების და პროცედურების მომსახურების მიღება შეეძლებათ. ზღვის სანაპიროზე მდებარე ბრენდული სასტუმრო სტუმრებს ღია აუზზეც უმასპინძლებს, რომელიც ზამთარში იხურება და სპა ცენტრთან ერთიანდება. გიორგი დოლიძე ამბობს, რომ დიდი იზოლირებული, გამწვანებული ეზო, რეკრეაციული ზონა და პირველი სანაპირო ზოლი დამსვენებელს მაქსიმალური განტვირთვისა და დასვენების საშუალებას აძლევს. 


ამასთან, სასტუმროს მენეჯმენტი დამსვენებლისთვის წყლის სპორტის აქტივობების შეთავაზებას გეგმავს. სასტუმროს აქვს საკუთარი იახტა და რამდენიმე სახეობის საწყალოსნო ტრანსპორტი, შესაბამისად წყლის სპორტის განვითარება და მისი სხვა სასტუმროებისთვის შეთავაზებაც ახლო მომავლის პერსპექტივაა. 

„ეს იქნება TRADEMARK COLLECTION BY WYNDHAM-ის პირველი სასტუმრო გრიგოლეთში. გვინდოდა WYNDHAM-ში შემავალი 20 ბრენდიდან საქართველოში ახალი ბრენდი შემოგვეყვანა, რათა დამსვენებლისთვის ახალი გამოცდილება შეგვეთავაზებინა. ბრენდიდან გამომდინარე სასტუმრო საშუალო სეგმენტზე იქნება გათვლილი და ნომრის ღირებულება 90 დოლარიდან დაიწყება“, - უთხრა BM.GE-ის დოლიძემ. ბოლო ინფორმაციით, სასტუმროს ჯავშნები მაისის პირველი რიცხვებიდან დაიწყება და ნომრის დაჯავშნა როგორც WYNDHAM-ის ბრენდი სარეზერვაციო ქსელში, ასევე Booking.com-ზეც იქნება შესაძლებელი. 
„ამ სეზონისთვის გათვლებს ყაზახეთზე, ისრაელზე, საუდის არაბეთზე და გალფის ქვეყნებზე ვაკეთებთ. ამასთანავე, დიდ იმედებს ვამყარებთ ადგილობრივ დამსვენებლებზე და ძალიან კარგი პაკეტების შეთავაზებას ვაპირებთ“, - აღნიშნა მმართველი კომპანია Mcinerney Hospitality International Georgia -ს წარმომადგენელმა.

წყარო: BM.GE - Business Media 

https://bm.ge/ka/article/grigoletshi-pirveli-4-varskvlaviani-sastumro-ixsneba---investicia-6-mln-ia/107723/