გალტ ენდ ტაგარტმა ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ მიმდინარე პერიოდისთვის არსებული მონაცემები განაახლა, როგორც საინვესტიციო ბანკი წერს, 2024 წელს ტურისტების რაოდენობა სრულად აღდგა, თუმცა გეოგრაფია შეიცვალა - გაიზარდა ნაკადები აზიური ბაზრებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. შედეგად, თბილისში სასტუმროების მაჩვენებლები პანდემიამდელ დონეს ჩამორჩებოდა, რაც დედაქალაქში ტურისტების ნაკლებობამ და ბოლო წლებში სასტუმრო ოთახების მიწოდების ზრდამ განაპირობა.
შემოსავლებზე საუბრისას გალტ & თაგარტი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ფონზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ტურისტულ ნაკადებზე უფრო სწრაფად აღდგა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. ტურისტების მხრიდან განთავსებაზე გაწეული ხარჯები 2019-თან შედარებით 2024-ში გაორმაგდა, თუმცა ეს სასტუმროებს მაინც ნაკლებად შეეხო. იმის გამო, რომ ტურისტების პროფილი შეიცვალა, ისინი არა სასტუმროებში, არამედ განთავსების სხვა საშუალებებს ირჩევდნენ დასარჩენად. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მიუხედავად ინფლაციის და გლობალურად გაზრდილი ფასებისა, საქართველომ ფასების ზრდა ჭარბი მიწოდების ფონზე ვერ მოახერხა.
საქართველოში ფასების ზრდის შემზღუდველ ფაქტორებად სახელდება: • სასტუმროების მიწოდების მკვეთრი ზრდა თბილისსა და ბათუმში • მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობა თბილისში, მათ შორის ევროკავშირიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და • აზიელი ტურისტების (განსაკუთრებით ჩინეთი/ინდოეთი) მხრიდან დაბალი ფასების მოთხოვნა.
ბათუმის ბაზრის მოლოდინებზე კვლევის ავტორები წერენ, რომ 2025-28 წლებში დაგეგმილია 963 ახალი ქსელური სასტუმრო ოთახის დამატება (რაც არსებული მიწოდების მესამედია) და გასაქირავებელი აპარტამენტების გაორმაგება. ამის ათვისებისთვის და ბათუმში ტურიზმის მდგრადობის შესანარჩუნებლად ტურისტული ნაკადების სწრაფი ზრდის შენარჩუნებაა საჭირო, სხვა შემთხვევაში ჩნდება მოლოდინი, რომ მიწოდების ფონზე ფასი დაეცემა.
რაც შეეხება თბილისს, აქ სასტუმროების დაგეგმილი მიწოდება მკვეთრი ზრდის შემდეგ შედარებით ნორმალიზდა, წლის დასაწყისიდან თბილისში 800 ქსელური სასტუმრო ოთახის მშენებლობა შეჩერდა, თუმცა 2028 წლამდე დაგეგმილია 1,246 ახალი ქსელური სასტუმრო ოთახის მიწოდება, რაც ასევე საჭიროებს ტურისტული ნაკადების მართვას.
საინვესტიციო ბანკი დასკვნის სახით წერს, რომ სექტორს ამ ეტაპზე არ აქვს ახალ აზიურ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება. მათი შეფასებით, ტურისტული ნაკადების მართვისთვის საჭიროა: ინდოეთიდან დაბალმხარჯველი სეგმენტის ჩანაცვლება მაღალმხარჯველი სეგმენტით, ჩინელი ტურისტების პროფილზე მორგებული სტრატეგიების შემუშავება, ახლო აღმოსავლეთიდან ნაკადების დივერსიფიკაცია დასვენებისა და საქმიანი ტურიზმისთვის, ევროპელი ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.
რამდენად მზად არის ინდუსტრია ამისთვის და როგორ ხედავენ თავად ბიზნესის წარმომადგენლები ტურიზმის მომავალს საქართველოში?
სტუმრები: გიორგი დოლიძე - HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველი;
ეკა გველესიანი - სასტუმრო "ფალიანი" დამფუძნებელი
წყარო: BM.GE