სიახლეები
მთავარი სიახლეები
შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, დაიწყება ქვეყნებს შორის მიმოსვლა, თუმცა ეს არ იქნება ეკონომიკური აღმასვლისთვის საკმარისი
 12.05.2020

„ბანკები და ფინანსების“ ინტერვიუ ტურიზმის სფეროს ექსპერტთან ბატონ გიორგი დოლიძესთან 

– ბატონო გიორგი, თქვენი დაკვირვებით, ახალი კორონავირუსის შედეგებიდან გამომდინარე, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდება ტურიზმის სფერო, რა განვითარებას და რეალობას უნდა ველოდოთ მსოფლიოსა და საქართველოში?

– კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ, ფაქტია, ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დააზარალა, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მაგალითზე. ჯერ კიდევ იანვარში. როდესაც ვირუსი გავრცელების პირველ ფაზებში იყო და მხოლოდ ჩინეთს მოიცავდა, მაშინვე იგრძნობოდა, რომ იქნებოდა უარყოფითი გავლენა ტურიზმის მიმართულებით. კერძოდ, ჩინელმა პარტნიორებმა დაიწყეს 2020 წლის გაზაფხულის ჯავშნების გაუქმება. პირველ ეტაპზე მოიხსნა თებერვლისა და მარტის რეზერვაციები. ვირუსის გავრცელებასთან ერთად იმატა ჩინეთიდან რეზერვაციების გაუქმებამაც და ფაქტიურად თებერვალში მოიხსნა ყველა ჯავშანი. 2020 წლისთვის ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი სწორედ ჩინეთის ბაზარზე და დაგეგმილი იყო გარკვეული მარკეტინგული აქტივობებიც ამ მიმართულებით. მას შემდეგ, რაც 2019 წელს გავუმკალვდით რუსეთის ავიაემბარგოს და დივერსიფიცირებული ბაზრის ხარჯზე ნაწილობრივ შევძელით და დავაკომპენსირეთ რეზერვაციები, ჩინეთის მიმართულება გახდა მეტად საჭირო და აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის. შესაბამისად, სასტუმროების ბიუჯეტში შევიტანეთ მნიშვნელოვანი წილი ამ სეგმენტზე გათვლით. მოგეხსენებათ, ჩინელი ტურისტები იყვნენ საკმაოდ სასურველი და კომფორტული ჩვენთვის, რადგან მათ არ ჰქონდათ რაიმე სპეციფიკური მოთხოვნები საჭმელთან მიმართებაში. ამასთან, უყვართ ჯგუფურად მოგზაურობა და არიან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები. 

რომ მიმოვიხილოთ ჩინეთის გამყვანი ტურიზმი ციფრებში, სტატისტიკა შემდეგია: 2001 წლიდან 2018 წლამდე ტურისტების რაოდენობა გაიზარდა წლიური 10 მლნდან 150 მლნმდე. (1326 % ით).  პასპორტი აქვს მოსახლეობის მხოლოდ 10%, რაც 150 მლნ პოტენციური ტურისტია და თითქმის ყველა მათგანი მოგზაურობს წელიწადში ერთხელ. დანახარჯი ერთ ტურისტზე  – 1846 $ და 2030 წლისთვის რაოდენობის ზრდა გათვლილი იყო 150 მლნ-დან 400 მლნ-მდე. მათი ძირითადი მიმართულება იყო ამერიკა, იაპონია, ინგლისი და იტალია. შეინიშნებოდა ეტაპობრივი ზრდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც და ეს ტენდეცია დადებითად აისახებოდა საქართველოზეც, რადგან 2018 წლიდან 2019 წლამდე, ჩინელი ტურისტების ზრდა იყო 55% ქვეყანაში, ხოლო 2017-2018 წლებში 75%. უბრალოდ, რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოში, წლის მანძილზე, ჩინელი ტურისტების 0.5% ის მასპინძლობა, ეს დაახლოებით  750 000 ტურისტს მოამატებდა ქვეყნის ტრაფიკს. ხოლო, თითოეულ მათგანს რომ დაეხარჯა საშუალოდ 1500 $, ეს იქნებოდა სერიოზული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკისთვის. 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თებერვალში ჩინეთიდან თითქმის ყველა რეზერვაცია გაგვიუქმდა, ხოლო როგორც კი საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინვე დაიწყო ჯავშნების ტოტალური მოხსნა მსოფლიო მასშტაბით ყველა ქვეყნიდან და, ფაქტობრივად, 2020 წლის ზაფხულამდე, სასტუმროები დაცარიელდა. სიმართლე გითხრათ, ზამთარში ვირუსის პანდემიაში გადაზრდას არ მოველოდით და იმედი გვქონდა, რომ გაზაფხულიდან სიტუაცია გამოსწორდებოდა, თუმცა ვცდებოდით. 

კორონავირუსმა შეცვალა ადამიანების ცხოვრების წესი, სასტიკად დაარტყა ეკონომიკას და დიდი ალბათობით, 2020 წელს ადამიანები თავს ვერ მისცემს იმის ფუფუნებას, რომ ბევრი ფული დახარჯოს მოგზაურობაში. ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გარკვეულწილად დაიწყება ქვეყნებს შორის მიმოსვლა, თუმცა ეს არ იქნება ეკონომიკური აღმასვლისთვის საკმარისი. 

ყველა ქვეყანა და საქართველოც, ცდილობს შიდა ტურიზმზე დიდი აქცენტის გაკეთებას, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მთლიანობაში, ესეც ვერ დააბალანსებს იმ დანაკარგებს, რაც სექტორმა განიცადა. ფაქტობრივად, 2020 წელი იქნება დიდი შავი ლაქა ტურიზმის ინდუსტრიაში და ამას უნდა შევეგუოთ. 

– როგორ შეაფასებდით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას და რა არის თქვენი შეხედულებები ან რეკომენდაციები, რომელის გათვალისწინებაც ტურიზმის სფეროს სტიმულირებისთვის მთავრობას მოუწევს?

– რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, ვფიქრობ, რომ ეს იყო დროული და ერთმნიშვნელოვანი, რადგან გაყიდვების მენეჯრები ელოდნენ სწორედ იმ თარიღებს, რომლებიც დასახელდა. ახლა ნაწილობრივ შესაძლებელია პარტნიორებთან საუბარი სამომავლო გაყიდვებსა და ჯავშნების გაუქმების ნაცვლად, მათ გადაწევაზე. ფაქტია, პირველი ივლისიდან არ იქნება საქართველოში 50%-60%-70% დატვირთულობა, თუმცა ნელი ტემპებითა და ნაბიჯებით უნდა შევძლოთ შემოდგომის საკმარისად დატვირთვა. 

ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან და არსებობეს კიდევ რიგი კითხვის ნიშნები, რომლებზეც დამოკიდებულია ბევრი რამ. მაგალითად, არ ვიცით, რამდენი ადამიანის დასმაა შესაძლებელი თვითმფრინავში, ზუსტად არ ვიცით ავტობუსებში ტურისტების გადანაწილების რაოდენობა, არ ვიცით მუზეუმებში რა რეგულაციები იქნება და ა.შ. ცალსახაა, რომ იქნება შეზღუდვები და ეს უარყოფითად აისახება ლოჯისტიკის ფასებზე, გაიზრდება ტურის ღირებულება, მოიმატებს ტრანსპორტისა და გიდის ანაზღაურება. მთლიანად, გაძვირებული ტურის შემდეგ კი ძირითადი ფასდაკლების მოთხოვნები წამოვა სასტუმროებზე, რაც ძალიან არ მინდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მხოლოდ ეს გადაარჩენს სიტუაციას და ხელს შეუწყობს ტურისტების ჩამოსვლას, მაშინ ამ ნაბიჯს გადავდგამთ კიდეც. 

ანტიკიზისულ გეგმაში საუბარია ქონების, საშემოსავლო და საბანკო სესხის % ების სუბსიდირებაზე, რაც ძალიან დაეხმარება ბიზნესს და ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა გადარჩენა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს ყველა ადეკვატური ბიზნესმენი ცდილობს შეინარჩუნოს თანამშრომლები, რადგან ესმის რაოდენ რთულია ჩვენს ქვეყანაში კარგი კადრის მოძიება, შემდეგ დატრენინგება და რა ზარალთანაა დაკავშირებული ასეთის დაკარგვა და ხელახლა მოძიებაზე ზრუნვა. 

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ გეგმაში წარმოდგენილი შეღავათები ინვესტორებს დაემხარება გარკვეულ დონეზე შეინარჩუნოს სტაბილურობა თანამშრომლების შენმარჩუნებისა და ბიზნესის გადარჩენის კუთხით. 

აგრეთვე, ნახსენებია საერთაშორისო გამოფენების დაფინანსება, რაც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. მოგეხსნებეათ, რომ ძირითადი ტურისტული საერთაშორი გამოფენები უნდა ჩატარებულიყო გაზაფხულზე, თუმცა ყველაფერი გადაიდო. ბევრ კომპანიას არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ თანხები დაეხარჯა ამ მიმართულების მარკეტინგში და თუ ახლა მათ მიეცემათ ეს საშუალება, ფანტასტიურია.

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსთან ბრძლოაში, საქართველოს საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და ეს დადებითად აისახება ქვეყნის, როგორც უსაფრთხო გარემოდ პოპულარიზაციისთვის. შედეგად კი ის ტურისტები, რომლებიც უნდა ჩასულიყვნენ ევროპაში, დიდი შანსია მოვიზიდოთ ჩვენ. 

აღსანიშნავია, რომ საკარანტინო ზონებად სასტუმროების გამოყენებამ, პანდემიის პერიოდში ბევრი ობიექტი გადაარჩინა დაკეტვას. ასეთმა სასტუმროებმა არა მხოლოდ შეინარჩუნეს თანამშრომლები, არამედ მიიღეს დიდი გამოცდილებაც, ჩაერთნენ ვირუსთან ბრძლოაში და მიეცათ საშუალება, გააკეთებინათ საამაყო საქმე ქვეყნისა და მოსახლებისთვის. 

– როგორ აისახება შექმნილი ვითარება სასტუმრო სფეროს ფუნქციონირებასა და სერვისზე. რა წესებისა და რეგულაციების შემოტანა იგეგმება დამსვენებლებისთვის, რომლებიც დაბინავებისთვის აირჩევენ სასტუმრო ქსელს და როგორია შესაძლო ახალი რეგულაციების შინაარსი?

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოსცა რიგი რეგულაციები, რომლებიც უნდა დაინერგოს სასტუმრობსა და რესტორნებში. სასტუმროების ნაწილმა უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა და დაამონტაჟა ბარიერები სასტუმროს მისაღებ მაგიდასთან და ბართან. ამასთანავე, შეისყიდა სიცხის საზომი ლაზერული თერმომეტრი და დეზობარიერები, ინერგება სტუმრის დისტანცირებულად და იზოლირებულად მომსახურების სტანდარტები, რაც ძალიან არ მომწონს, რადგან სასტუმრო და სტუმარ-მასპინძლობა ჩემთვის ასოცირდება სტუმართან სიახლოვითა და ურთიერთობით. რას ვიზამთ, მთავარია ჩვენი ქვეყნის, თანამშრომლების, ოჯახების და, რა თქმა უნდა, ტურისტების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მივესალმები ამ რეგულაციებს და ვფიქრობ, ყველამ ზედმიწევნით უნდა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი რეკომენდაციები. 

– როგორია თქვენი პროგნოზი, როგორი ტურისტული სეზონი ელოდება 2020 წელს საქართველოს? იქნება აქტუალური ზღვაზე დასვენება თუ მთის კურორტებს მინიჭება უპირატესობა, უნდა ველოდოთ თუ არა სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს?

– საქართველოში 2020 წლის ტურიზმის დიდი ნაწილი ჩავარდა, დაიკარგა. ახლა ყველა ამ სფეროში მომუშავე ადამიანი უნდა ვყოფილიყავით წარმოუდგენელ ცაიტნოტში, რადგან არის ქვეყანაში მაღალი სეზონი და ყველა სასტუმრო უნდა იყოს მინიმუმ 80% ზე დატვირთული, თუმცა, სანაცვლოდ გვაქვს დაკეტილი კარი და 0%. ვიმედოვნებ, რომ შემოდგომაზე მაინც შევძლებთ გადავაცილოთ დატვირთულობის ნიშნული 50%-ს. ეს დამოკიდებულია შეზღუდვების მოხსნის ტემპებსა და მსოფლიო ეკონომიკაზე, რადგან მოგზაურობა, გარკვეულწილად ფუფუნებაა, რომელსაც ფინანსური სახსრები სჭირდება. როდესაც გაძვირდება ფრენა, გაძვირდება ტურები და მომსახურება, ხალხმა უნდა შეძლოს ამის გადახდა, რაც 2020 წელს რთული იქნება. ძალიან კარგია, რომ საქართველოში 2020 წლის სექტემბერში ტარდება მინისტერიალი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ქვეყანაში ტურიზმის პრიორიტეტულობას და საქართველოს წარადგენს მსოფლიო მასშტაბით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულება პოსტკორონავირუსის პანდებიის შემდეგ. 

დიდი შანსია, რომ აზიიდან უფრო მალე მივიღოთ ტურისტები, ვიდრე ევროპიდან. გააქტიურდებიან მეზობელი ქვეყნებიც და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიდია შანსი ტურისტები წამოვიდნენ ჩინეთიდანაც. 

შიდა ტურიზმით რეგიონები შეძლებენ დატვირთულობის X პროცენტის 20-25% ის ათვისებას, განსაკუთრებით მთის კურორტები. იგივეს ვერ ვიტყვი ჩვენს დედაქალაქზე, რადგან თბილისში შიდა ტურიზმზე საუბარი წარმოუდგენელია, ის პირდაპირ მიბმულია საერთაშორისო მიმოსვლაზე.

თითოეულმა კომპანიამ უნდა გამოიჩინოს კრეატიულობა და კარგად გამოიყენოს მარკეტინუგლი მიზნებისთვის საქართველოს უსაფრთხო და კორონავირუსთან ძლიერ მებრძოლად გამოცხადება.

წყარო: bfm.ge