სიახლეები
მთავარი სიახლეები
„9 თვიანი მონაცემებით მოთხოვნა და ფასი 10%-იან ზრდას აჩვენებს“ - გიორგი დოლიძე
 11.10.2024

HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის ინფორმაციით, წელს სასტუმროში ტურისტების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. როგორც დოლიძემ „საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, მოთხოვნის ზრდის ფონზე 10%-ით გაძვირდა სასტუმროში განთავსებაც.

Glarros OldTown-ში ამ დროისთვის დატვირთულობის მაჩვენებელი 75%-ს აღწევს, სტუმრების დიდი ნაწილი კი საუდის არაბეთიდან, საამიროებიდან და ისრაელიდან არის.

„მიმდინარე წლის 9 თვეს თუ შევადარებთ გასულ წელს, შარშან საშუალო სეზონი არ გვქონდა. დაბალიდან პირდაპირ მაღალ სეზონზე გადავინაცვლეთ აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე. წელს შევეცადეთ ფეხი აგვეწყო ტურიზმის გაზრდილი ნიშნულისთვის და ჩვენი მაგალითის კვალდაკვალ არის 10%-ით გაზრდილი როგორც დატვირთულობა, ისე ფასი.

დაბალ სეზონზე იანვრიდან მარტის ბოლომდე გვქონდა 65-70%-იანი დატვირთულობა. აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე მერყეობდა 75-85%-ის ფარგლებში, პიკური თვე გვქონდა ივლის-აგვისტოში, როცა დატვირთულობა 84% იყო. დღეს ვინარჩუნებთ 75%-იან დატვირთულობას, ჯავშნები ჯერ არის, როცა ისრაელში ომის ვითარება იძაბება მაგ დროს იკლებს ხოლმე, თუმცა ამასაც არ აქვს სტაბილური სახე", - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

რაც შეეხება ქვეყნების გეოგრაფიას, გიორგი დოლიძე ამბობს, ნარჩუნდება გასული წლის ტრენდი და სტუმრები ძირითადად ჩამოდიან საუდის არაბეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და ნაწილობრივ ევროპიდან.

"ევროპელი ტურისტებში ზრდა გვაქვს 5-7%. მომატებულია გერმანია, პოლონეთი და იტალია. აღდგენის გზაზეა ევროპიდან ჯგუფური ტურები.

ფასთა კლასიფიკაციას რაც შეეხება, არიან ისინიც, ვინც ჰოსტელებში 10-12$-ად ათევს ღამეს, ხოლო ტურისტულით ან ბუქინგით ვინც მოდის, ისინი ცდილობენ კარგ ლოკაციებზე დარჩენას.

ფასი კატეგორიებად იყოფა, 10-12 დოლარი ღირს ჰოსტელები, სადაც ერთ ოთახში 5-6 ადამიანი ათევს ღამეს, ანუ ნომრის ფასი 60-70$-ია მფლობელისთვის. შემდეგ მოდის დაბალი კლასის ობიექტები 40-50$, საშუალო ღირებულებაა 70-90$ და 100-120$-იდან ზემოთ არის ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასი", - განაცხადა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, 9 თვეში საქართველოს 5 794 661 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტებზე მთლიან მაჩვენებელში 81.4% მოდის.

წინა წელთან არსებული ზრდის მიუხედავად ტურიზმი საქართველოში პანდემიამდე ნიშნულამდე მაინც ვერ აღდგა. მაჩვენებელი 2019 წლის ვიზიტების რაოდენობას 15.6%-ით ჩამორჩება, რაც ნიშნავს, რომ აღდგენა 84.4%-ია.

რაც შეხება ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ყველაზე მეტად სტუმრობდნენ, ვიზიტები გაიზარდა ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი და ინდოეთი, ეს ქვეყნების ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-10-ეულში შედიან.

წყარო: BM.GE